ნიკოლოზ ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თბილისის თავადაზნაურობის მარშლის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა ეფემია გახლდათ და პოეტ გრიგოლ ორბელიანისა და ერეკლე II-ის შვილიშვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835). ნიკოლოზის მასწავლებელი იყო 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პოეტმა უსახსრობის გამო ვერ აისრულა პეტერბურგში განათლების მიღების სურვილი, ვერც სამხედრო სამსახურში გამწესებისა (კოჭლობის გამო). 1832 წ. შეთქმულების დამარცხებამ მას განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა. 1835 წლიდან უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჭევანში, ხოლო 1845 წ. - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლისა გარდაიცვალა ავთვისებიანი მალარიით. 1893 წ. განჯიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ხოლო 1938 წ. დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. პოემა „ბედი ქართლისა“, რომელშიც სამშობლოს ბედზე წუხილია გადმოცემული, 22 წლისამ დაწერა. მისი უპირველესი ოცნება ქვეყნის თავისუფლება და ეროვნული იდეალების განხორციელება იყო.

Комментариев нет: