გურამ დოჩანაშვილი


გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი.

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.

მამა — პეტრე დოჩანაშვილი (ექიმი), დედა — გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი ( აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“.

1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.

განათლება


1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იაკობ გოგებაშვილი


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 კი - კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა 1863 სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ი.ჭავჭავაძე და ა. წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

შემოქმედება

გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კ. უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც გულისხმობდა ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: "ბურჯი ეროვნებისა", "ხე ნაყოფით იცნობება", "ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში", "ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში", "ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ", "სახალხო მáსწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი", "განათლების მდგომარეობა საქართველოში", "მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დედა ენა" (1876), "რუსკოე სლოვო" (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები "ქურდი და მამალი", "მერცხალი და მეცხვარე", "ცხვარი და მარტი" და სხვა. მოთხრობები "დევნილი მეგობარი", "ბეღურა", "ლომი", "მერცხალი", "აქლემი", "ორაგულის ცხოვრება", "ნამი", "ცისარტყელა" და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები "ასპინძის ომი", "იოთამ ზედგენიძე", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "ცოტნე დადიანი", "თავდადებული მღვდელი თევდორე", "სხივი წარსულისა", "სამასი თავდადებული გლეხი" და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქნა" (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".

გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952-1965 გ. თავზიშვილისა და დ. ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვ. ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა "დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის "დედა ენისა" და "ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.




მიხო მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდა, გურჯაანის რაიონი, საქართველო), ქართველი მწერალი.

დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დათო აგიაშვილის სახელოსნო).

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

პირველი მოთხრობა „ტყის კაცი“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს.

გამოცემული წიგნები

  • „ტყის კაცი“, თბილისი, კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია, 1988 წელი, დრამატურგია (ტრაგედია); თემა — მინდიასავით განსხვავებული პიროვნების ბედი.
  • „მთვარიანი დღის ფრესკები“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1990 წელი, პროზა (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები); თემა — საქართველო და ქართველები, აგრეთვე ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი უცხოელებიც.
  • „გველი მოვკალ უფლისათვის“, თბილისი, გამომცემლობა „ილია“, 1993 წელი, უკვე მოპოვებულ-ჩაწერილი ქართული ხალხური შელოცვები, შემდგენელის (მიხო მოსულიშვილის) მიერ წარმოდგენილი ლექსების გრაფიკული ფორმით.
  • „სივრცე ვერტიკალში“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1997 წელი, პროზა (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები); თემა — ისევ ის, რაც მეორე პუნქტშია.
  • „უჟამო ჟამის რაინდი“, თბილისი, გამომცემლობა „ბესტსელერი“, 1999 წელი, პროზა (რომანი); თემა — ანდრონიკაშვილთა შვიდი თაობის თავგადასავალი წინა ორი საუკუნის განმავლობაში.
  • ფრენა უკასროდ“, თბილისი, გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2001 წელი, პროზა (თაღლითური რომანი); თემა — თანამედროვე ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანულ „ლაგერებში“.
  • „ბენდელა“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2003 წელი, პროზა (დოკუმენტური რომანი); თემა — აფხაზეთის ომში დაღუპული ფეხბურთელის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის — ზაზა ბენდელიანის თავგადასავალი.
  • „გედები თოვლქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2004 წელი. მინიატურები და ესეები. თემა — ცხოვრება.


რევაზ ინანიშვილი


რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი ( * 20 დეკემბერი, 1926, სოფ. ხაშმი (საგარეჯოს რაიონი) ― † 26 დეკემბერი, 1991), ქართველი მწერალი.

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

სულხან-საბა ორბელიანი


სულხან-საბა ორბელიანი (* 4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ― † 26 იანვარი, 1725 (მოსკოვი), ქართველი მთავარი, ბერი, საერო და აპოლოგეტური მწერალი და პოლიტიკოსი. იყო სამეფო ოჯახს დაახლოვებული პირი და გიორგი XI-ის მომხრე ერეკლე I-ის წინააღმდეგ. თავად სულხან-საბას აღზრდაში გიორგი XI-ს შეუტანია წვლილი, რომელიც მისი მამიდაშვილია. ამ მეფის თანამოაზრე რჩება საბა მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით რაც შეეხება დაუფარავ დასავლურ ორიენტაციას და კათოლიციზმთან დაახლოებას.

1698 წლიდან სულხან-საბა ხდება ბერი დავით-გარეჯაში. მანამდე კი, 1692 წელს ხდება კათოლიკე და ამის გამო მისი აპოლოგეტური მწერლობა ემსახურება კათოლიკე ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში. განიცდიდა დევნასა და შევიწროებას ქართული მართლმადიდებლური წრეების მხრიდან. თავდაპირველი ფარული აღმსარებლობის შემდეგ საქვეყნოდ აღიარებს კათოლიკურობას 1702 წლიდან. ამ პერიოდიდან საბას იხსენიებენ როგორც ქართული კათოლიკური წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.

1703 წლიდან ქართლში მეფდება მისი აღზრდილი და თანამოაზრე ვახტანგ VI. ორივენი ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ და რელიგიურ ალიანსს დასავლეთის განმანათლებლურ-აბსოლუტისტურ მონარქიებთან, პირველ რიგში კი საფრანგეთთან. ამ მიზნების მისაღწევად ჩადის სულხან-საბა პაპ კლიმენტი XI-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-თან 1713-1714 წლებში. მართალია უკან დაბრუნებული აგრძელებს აპოლოგეტურ მოღვაწეობას, მაგრამ ძლიერ ავიწროებენ, ვინაიდან ვახტანგის პოზიციებიც უკვე შესუსტებული იყო. საბოლოოდ იძულებულია სულხან-საბა იგივე ვახტანგ VI-თან ერთად დატოვოს ქვეყანა 1724 წელს რუსეთის მიმართულებით.

გარდა ჩამოთვლილი მოღვაწეობებისა სულხან-საბა ორბელიანი ითვლება ახალი ქართული ენობრიობისა და ლიტერატურის განმაახლებლად. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ქართული ლექსიკონი, რომელიც ნაწილობრივ ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს.

გიორგი ლეონიძე


გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899)], საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი ― გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მამა - ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდომინით იბეჭდებოდა.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.

1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".

პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე“). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ. კინოფილმ „ჯურღაის ფარის“ (1944, რეჟისორი ს. დოლიძე, დ. რონდელი) სცენარისათვის მიენიჭა მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

ვაჟა-ფშაველა


8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი


ტიციან ტაბიძე


ტიციან ტაბიძე (18931937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წ. შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაასებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.

ტიციან ტაბიძე დაიღუპა 1937 წ. — მსხვერპლი გახდა სისხლიანი რეპრესიებისა. მისი საფლავი არ არსებობს.

მერაბ კოსტავა


მერაბ კოსტავა დაიბადა ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თბილისის თავადაზნაურობის მარშლის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა ეფემია გახლდათ და პოეტ გრიგოლ ორბელიანისა და ერეკლე II-ის შვილიშვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835). ნიკოლოზის მასწავლებელი იყო 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პოეტმა უსახსრობის გამო ვერ აისრულა პეტერბურგში განათლების მიღების სურვილი, ვერც სამხედრო სამსახურში გამწესებისა (კოჭლობის გამო). 1832 წ. შეთქმულების დამარცხებამ მას განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა. 1835 წლიდან უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჭევანში, ხოლო 1845 წ. - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლისა გარდაიცვალა ავთვისებიანი მალარიით. 1893 წ. განჯიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ხოლო 1938 წ. დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. პოემა „ბედი ქართლისა“, რომელშიც სამშობლოს ბედზე წუხილია გადმოცემული, 22 წლისამ დაწერა. მისი უპირველესი ოცნება ქვეყნის თავისუფლება და ეროვნული იდეალების განხორციელება იყო.

ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

ანა კალანდაძე



ქართველი პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. 1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები.პირველი კრებული “ლექსები” 1953 გამოსცა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფით და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. ანას შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხდადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში, კერძოდ მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემაც (“კარში გამო ჭიაჭია მარია”,1946); ასეთია ბუნების განცდა (“თუთა”, 1945; “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, 1946; “ბეთანიის გზაზე”, 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას (“შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, “ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; “ღრუბლები”,1953). კ-ის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა -სიკეთის, ქედუხრელობიის, სიდიადის, შეწყალების ორგ. განცდას “საქართველოო ლამაზო,” მრავალლჟამიერ”, 1952, “ფეხი დამადგით”, მას ალავერდის დიდებულ ტაძარს”, ორივე 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას (“ნუ მიმცემ ეჭვთა”, 1957; “ისევ გახსენი გული ჩენი”, 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდა (“რისად არ მომხედავ “, 1945, “შეყვარებული ოდეს ქარები”, 1954). კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. ანა კალანდაძის პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

გალაქტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 19101911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 19171918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" თავიანთ ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: "ლურჯა ცხენები", "გობელენი", "შერიგება", "მთაწმინდის მთვარე", "ალვები თოვლში", "ოფორტი", "შიშველი", "მარმარილო", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", "დგება თეთრი დღეები...", "მგლოვიარე სერაფიმები", "ყორანი", "Voiles", "სიშორით შენით", "ვინ არის ეს ქალი?", "სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში", "შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში", "ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი", "ეფემერა", "ისევ ეფემერა", "მშობლიური ეფემერა", "არდაბრუნება", "იმ ვარდისფერ ატმებს...", "სასაფლაონი", "სროლის ხმა მთაში", "ყანები", "თოვლი", "ავდრის მოლოდინი", "ქარი ქრის", "ქარი მოგონებათა", "ქარი დაცხრა სიბობოქრის...", "რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...", "სანამ წვიმა გადივლიდეს...", "მუხებს ჩოხათ საქილეში...", "კუმისი", "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა", "რამდენი დარჩა გაუგებრობა" და სხვ.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (
1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა
1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით.
გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი",
"ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)"გეორგიკა" (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

აკაკი წერეთელი


აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო
იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით. სტუდენტობის წლებშივე ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის პროგრესული ესთეტიკური აზროვნება, რომელიც მის პირველსავე ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებში გამოვლინდა. პოლემიკური ხასიათის "ახირებული ფურცელი" (ჟურნ. "ცისკარი", 1862, N 5) "მამათა" კონსერვატორული ბანაკის წინააღმდეგ იყო მიმართული (საქართველოს ისტორიაში ეს დაპირისპირება ""მამებისა" და "შვილების" ბრძოლის" სახელით არის ცნობილი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის საპროგრამო წერილს «რამოდენიმე სიტყვა "ჩანგურის" შესახებ» (ჟურნ. "ცისკარი", 1865, N 9), რომელშიც ავტორი მკაცრად გმობდა "წმინდა ხელოვნების" პრინციპებს, სახავდა ქართულ დემოკრატიულ მწერლობის მიზნებსა და ამოცანებს, მოითხოვდა ობიექტური სინამდვილის, ქართულ საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრების საჭირბოროტო მოვლენების რეალისტურ ასახვას. ეს მოწინავე თვალსაზრისი შემდგომში მკაფიოდ გამოვლინდა პოეტის ლექსებშიც ― "პოეტი" (1886), "ჩანგური" (1871) და სხვ.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო,
1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის
"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძონებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთელი ავტორია არაერთი შესანიშნავი სატრფიალო ლექსისა, რომლებმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა: "ალექსანდრა" (1860), "ციცინათელა" (1869), "მუხამბაზი", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები"... (1876), "ქებათა ქება" (1882) და სხვა. მისი პოეტური შთაგონების უმთავრეს მასაზრდოებელ წყაროს უფლებააყრილი სამშობლოს ბედ-იღბალი, მისი აწმყო, წარსული თუ მომავალი, ქართველი ერის ყოფა და მისი მდიდარი სულიერი სამყარო წარმოადგენდა (ლექსები "მუშური" (1861), "სიმღერა მკის დროს", "გლეხის აღსარება" (ორივე 1863), "იმერული ნანინა" (1864), "ჩემო თავო, ბედი არ გიწერია" (1871), "მუხამბაზი" ― "ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე..." (1872), "გოგია მეჩანგურე" (1875), "აღმართ-აღმართ" (1876), "ავადმყოფი" (1880), "გაზაფხული" (1881), "ხანჯალს" (1882), "ამირანი" (1883), "ჭაღარა" (1886),"მუშის ნატვრა"(1890), "ღამის მეხრე", "სატრფოს", "განთიადი" (სამივე 1892), "სულიკო" (1895), "მწყემსის სიმღერა" (1897), "თქვენი ჭირიმე" (1905), "მომაკვდავის ფიქრები" (1911) და სხვა). ქართველი ერის მიძინებული ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა აკაკი წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა ― "ბაგრატ დიდი" (1875), "თორნიკე ერისთავი"(1883), "თამარ ცბიერი" (1885), "კიკოლას ნაამბობი" (1889), "პატარა კახი"(1890), "ნათელა" (1897), შესანიშნავმა რომანმა ― "
ბაში-აჩუკი" (1895-1896), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.
ბევრმა არ იცის, რომ თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა '"
სულიკო”'-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი - ღვთიური ციფრია) - ღმერთის სამ ჰიპოსტასს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის და ბოროტი ძალების პროტოტიპი აქ არის ეკალი. ეს სიმღერა ბევრ უცხოელს არა მხოლოდ მელოდიურობით, არამედ მათთვის ცნობილი შინაარსით ხიბლავს.
უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი" (1898), რომელშიც ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი; ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში "ჩემი თავგადასავალი" (
1894-1908) აისახა აკაკი წერეთლის თანამედროვე ეპოქის მრავალი საგულისხმო ფაქტი და მოვლენა.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს,
ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (
1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია
თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.