ილია ჭავჭავაძე


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. 1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან — თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 18571861პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა
საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს. ამ წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართვლის დედა. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.
ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“,
1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.
1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 18681873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (18711872).
1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

Комментариев нет: