მიხო მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდა, გურჯაანის რაიონი, საქართველო), ქართველი მწერალი.

დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დათო აგიაშვილის სახელოსნო).

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

პირველი მოთხრობა „ტყის კაცი“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს.

გამოცემული წიგნები

  • „ტყის კაცი“, თბილისი, კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია, 1988 წელი, დრამატურგია (ტრაგედია); თემა — მინდიასავით განსხვავებული პიროვნების ბედი.
  • „მთვარიანი დღის ფრესკები“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1990 წელი, პროზა (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები); თემა — საქართველო და ქართველები, აგრეთვე ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი უცხოელებიც.
  • „გველი მოვკალ უფლისათვის“, თბილისი, გამომცემლობა „ილია“, 1993 წელი, უკვე მოპოვებულ-ჩაწერილი ქართული ხალხური შელოცვები, შემდგენელის (მიხო მოსულიშვილის) მიერ წარმოდგენილი ლექსების გრაფიკული ფორმით.
  • „სივრცე ვერტიკალში“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1997 წელი, პროზა (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები); თემა — ისევ ის, რაც მეორე პუნქტშია.
  • „უჟამო ჟამის რაინდი“, თბილისი, გამომცემლობა „ბესტსელერი“, 1999 წელი, პროზა (რომანი); თემა — ანდრონიკაშვილთა შვიდი თაობის თავგადასავალი წინა ორი საუკუნის განმავლობაში.
  • ფრენა უკასროდ“, თბილისი, გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2001 წელი, პროზა (თაღლითური რომანი); თემა — თანამედროვე ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანულ „ლაგერებში“.
  • „ბენდელა“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2003 წელი, პროზა (დოკუმენტური რომანი); თემა — აფხაზეთის ომში დაღუპული ფეხბურთელის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის — ზაზა ბენდელიანის თავგადასავალი.
  • „გედები თოვლქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2004 წელი. მინიატურები და ესეები. თემა — ცხოვრება.


Комментариев нет: